Egrisi TV
1 day 11 hours ago
მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ჟიული შარტავას და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, თემატური გამოფენით დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. ,,მინდა მადლიერება გამოვხატო სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმებში მოღვაწე თანამშრომლების მიმართ. ჩვენი ისტორიული და კულტურულ-ეთნოგრაფიული საუნჯის რუდუნებით მოვლა- პატრონობა და პოპულარიზაცია, აქ თავმოყრილი ისტორიის ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა-ზიარება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. გულითად მადლობას გიხდით სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. ეროვნული სამოსის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ორგანიზებით გამართული ,,კუჩხიბედინერელთა“ კოსტუმირებული მსვლელობა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მუზეუმებისა და ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გამართული თემატური საღამოთი დასრულდა. ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის საღამო - საგანგებოდ დანთებულ კოცონთან, გაიმართა კონცერტი - მომღერალ ბოკა კვეკვესკირისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მონაწილეობით, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მიერ წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’.